ევროპული საქართველოს 2020 წლის საარჩევნო პროგრამა

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ევროპული საქართველოს 2020 წლის საარჩევნო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოყვანას, სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. იგი ჩვენი პოლიტიკური გუნდის განაცხადია – რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ

 

საარჩევნო პროგრამა მოამზადა პროფესიონალთა საუკეთესო გუნდმა  ბიზნეს-საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან მრავალჯერადი დისკუსიის, კონსულტაციებისა და აზრთა შეჯერების გზით.

პრობლემის აღწერა

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს უხვად არიგა წინასაარჩევნო დაპირებები, თუმცა რეალურად მივიღეთ უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების მატება და გაზრდილი კრიმინალი – ასეთია ბიძინა ივანიშვილის საქართველო და „ქართული ოცნება“!

ქვეყანა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მართალია ნელ-ნელა, მაგრამ ნამდვილად გამოდიოდა უკიდურესი სიღარიბიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა უკეთესობისკენ, ივანიშვილმა წარსულისკენ შეატრიალა. მან შეაჩერა ყველაფერი, რაც მანამდე კარგი და სასარგებლო კეთდებოდა და დატოვა და გააღრმავა ყველაფერი, რაც რეალურად  საჭიროებდა ცვლილებებს.

“ქართული ოცნების” არასწორმა ნაბიჯებმა ქვეყანაში სიღარიბე, შემცირების ნაცვლად, გაზარდა. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს სერიოზულად დაარტყა ფასების ზრდამ, განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებზე. ლარის თანდათანობითი დასუსტებით გამოწვეულ ფასების ზრდას დამატებითი ბიძგი მისცა “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე – ბენზინზე, დიზელზე, გაზზე – აქციზის ზრდამ. მოიმატა ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადმა.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაზრდილი ყოველდღიური ხარჯი ვერ დაეწია შემოსავალს. მოქალაქეებს გაუჭირდათ კრედიტების გადახდა. მთავრობის მიერ ამ სფეროში შემოღებულმა ხელოვნურმა ბარიერებმა, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახადა კრედიტები, ხოლო დანარჩენისთვის გააძვირა.

ამ ყველაფერზე პასუხი სწორედ არჩევნებზეა გასაცემი – ივანიშვილი უნდა წავიდეს!

“ევროპული საქართველო” – გამოსავალს ვხედავთ, ერთი მხრივ,  გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.

ევროპული საქართველომხარს უჭერს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი გეგმა გულისხმობს:

  • ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირებას 25%-ით, რაც შეაფერხებს ფასების ზრდას.
  • დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარის 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზრდას
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-დან 16%-მდე შემცირებას, შემდეგ მის შეცვლას გაყიდვის გადასახადით (Sales tax-ით)  და საბოლოოდ ამ უკანსკნელის  დაყვანას 8%-მდე
  • განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის 10%-მდე შემცირებას
  • საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 10%-მდე
  • ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელის ზომების გადახედვას
  • მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწის და ქონების ხალხისთვის დაბრუნებას
  • აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტიციების მოზიდვას
  • რაიონების ბიუჯეტში მეტი ფულის დატოვებას
  • სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდით შემცირებას
  • მთავრობის ზომის შემცირებას მშპ-ის 20%-მდე არაუგვიანეს 2024 წლამდე
  • სესხებთან, მშენებლობასთან და სხვა დაკავშირებული რეგულაციების შემცირებას
  • ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმების შემუშავებას
  • ქონების გადასახადის განულებას 2021 წელს(შემდეგ გადახედვას)
  • მარეგულირებელი ორგანოების შეზღუდვას
  • საფოსტო გზავნილების ზღვარის გაზრდას 300 ლარიდან  1000 ლარამდე

 

აღნიშნული გეგმის მიხედვით, შევქმნით 100 000 სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დარჩება 2000 ლარზე მეტი.

ამასთან, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მოქალაქე მაშინ დაიბრუნებს ფულს, როცა დასჭირდება.

ეს ზომები პირველივე წელს ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება როგორც საერთო ეკონომიკურ, ისე ასიათასობით ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას.

“მცირე მთავრობის” მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიოციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს, არამედ მოტივაციას შეუქმნის უცხოეთში წასულ თანამოქალაქეებს, სამშობლოს დაუბრუნდნენ და თავისი ცოდნა და ენერგია საკუთარ სამშობლოში გამოიყენონ.

ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემაა. 2020 წლის I კვარტლის დასაქმებულთა ოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 22.7 ათასით (1.34%-ით) არის შემცირებული. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა მცირე ბიზნესში, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი წყარო უნდა იყოს: 2017 წელს მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 30 ათასით არის შემცირებული.

გადასახადების დაწევით, ბიუროკრატიის შემცირებით, ზედმეტ რეგულაციებზე უარის  თქმით,  ბიზნესის დაცულობის უზრუნველყოფითა და ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც უმუშევრობის დაძლევის, ფასების დასტაბლურების, სიღარიბის შემცირების ერთადერთი გზაა.

სამშობლოში დაბრუნებამდე, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ჩვენი თანამემამულეებისთვის უცხოეთის შრომითი ბაზრის გახსნას და დასაქმების ქვოტების გამოყოფას უნდა მივაღწიოთ, ეს ლეგალურ სამუშაოს, მეტ ხელფასსა და და დაცვის გარანტიებს ნიშნავს. ამ საკითხებს და ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სხვა სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან დ ბიზნეს წრეებთან ურთიერთობაში.

2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება – იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა.

2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტების თითქმის ერთ მესამედს (29%) 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა.

2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს გაუჭირდება მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა განათლებას. უკეთესი განათლება გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევის მაღალი ტემპი. საგანმანათლებლო სფეროს გაჯანსაღებისთვის „ევროპული საქართველო“ კერძო განათლების სფეროს გაათავისუფლებს სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭებს ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას. გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვაში და აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა.

ამასთან ერთად, “ევროპული საქართველო” კონკრეტულ წინადადებებს წარადგენს, უკვე მომავალი წლიდან თუ როგორ გაიზარდოს:

  • ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი
  • სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს – მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს
  • 8000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ “საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვაში”, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე აქცენტით ჩატარდა, პირდაპირაა ნათქვამი, რომ “ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები ჯანდაცვის დაფინანსების კვლავ დომინანტურ წყაროდ რჩება (მთლიანი ხარჯის 66%)”.

ეს მდგომარეობა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, გაღარიბებისგან დაუცველს ხდის საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ მათ საკუთარ ჯიბეზე არა მხოლოდ მედიკამენტის ხარჯი აწვებათ. ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი ნაწილი, შედარებით ნაკლებხარჯიანი ამბულატორიული მკურნალობის ნაცვლად, ძვირადღირებულ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მიდის, რაც პრობლემაა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ასევე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვისაც.

სიღარიბის დასაძლევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა. ამისათვის 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ ამისათვის ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტური ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა.

კორონავირუსით გამოწვეული უდიდესი კრიზისი სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს ეფექტიან მართვასა და კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც უნდა დაეფუძნოს პრევენციულობასა და სწრაფ რეაგირებას. ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ებრძოლოს Covid19-ს, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  1. სწრაფი რეაგირება = შენი სიმშვიდე
  • ერთი ზარის პრინციპი: 112-ის და ოჯახის ექიმების სისტემების ინტეგრირება, რომ ყველა ზარზე მიიღონ კვალიფიცირებული პასუხი და რეაგირება. ამ კუთხით დაფინანსების გასამმაგება
  • ხარისხიანი სწრაფი ტესტების ხელმისაწვდომობის გაზრდა მასობრივად. ამ კუთხით დაფინანსების გასამმაგება
  1. ეფექტური ზრუნვა = შენი გამარჯვება კოვიდზე
  • საველე ჰოსპიტლების მოწყობა და კოვიდსაწოლების რაოდენობის და სასუნთქი აპარატების გასამმაგება
  • მრავალპროფილური კლინიკების შენარჩუნება სხვა დიაგნოზებისათვის
  • კოვიდკლინიკებად გადაკეთებული მრავალპროფილური კლინიკების ფინანსური დანაკლისის შევსება
  • სამედიცინო დაწესებულებების პერსონალური დამცავი საშუალებებით აღჭურვა, 2-კვირიანი ცვლის სისტემების აწყობა და სამედიცინო პერსონალის მუდმივი ტესტირება
  1. პრევენცია = კორონას საბოლოო დამარცხება
  • მასიური საინფორმაციო კამპანია
  • პირბადეების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის
  • პირბადეების სავალდებულობა საჯარო სივრცეში
  • რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეების (მოხუცები, მძიმე თანმდევი დაავადებების მქონე პირები) ნებაყოფლობით უსაფრთხო სივრცეებში გადაყვანა, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ
  • გრიპის ვაქცინის მასიური ხელმისაწვდომობა
  1. ეკონომიკა = შიმშილის და უმუშევრობის დამარცხება

გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, ბიუჯეტში რჩება საკმარისი რესურსი ხალხზე ორიენტირებული, მიზნობრივი სოციალური პროგრამებისთვის, რათა 2021 წლიდან შესაძლებელი იყოს:

  • პენსიის გაორმაგება
  • სოციალურად დაუცველების დახმარების გაორმაგება
  • დევნილების დახმარების გაორმაგება
  • შშმ პირების შემწეობის გაორმაგება
  • მთავრობის საკუთრებაში მყოფი ქონების მოქალაქეებისთვის გადაცემა

იმავდროულად, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი პენსიონერებისათვის. ამ სისტემით, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, დღეს 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიაზე დამატებით, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 1 026 ლარს.

“ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სქემა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. მონაწილე თავად აირჩევს შენატანის ოდენობას:

  • რამდენს შეიტანს ხელზე ასაღები დაბეგრილი ხელფასიდან
  • რამდენი დაემატება თავისივე საშემოსავლო გადასახადიდან

ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე და მისი ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის გარეშე.

განსაკუთრებულ ყურადღებას ევროპული საქართველო შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხს უთმობს, რადგან შეფასების ეს სისტემა ფუნდამენტურად ცვლის  სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისათვის პრიორიტეტული საკითხების აღქმას და ამ საკითხებისადმი მიდგომას.

ჩვენი ხედვა ეფუძნება 2 ძირითად პრინციპს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორინტირებული ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამების მუნიციპალურ დონეზე გადატანა, მათი დაფინანსებისა და ეფექტურობის გაზრდა
  • ამგვარი მუნიციპალური და (ეტაპობრივად) სახელმწიფო პროგრამების ინტეგრირება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში

“ევროპულ საქართველოს” კვლავაც მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის როლის ზრდა უნდა მოხდეს

  • თემთან დიალოგით
  • ეტაპობრივად
  • პილოტირებით
  • ცენტრალური ხელისუფლების თანადაფინანსებით
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების მჭიდრო კოორდინაციით

მაგალითად, შესაძლებელია მუნიციპალურ დონეზე ჩავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა:

  • ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ის ნაწილი, რომელიც 3-დან 7 წლამდე ბავშვებზეა ორიენტირებული
  • ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა
  • დღის ცენტრების ქვეპროგრამა
  • სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ხედვა შემდეგნაირია:

  • ხელისუფლებაში მყოფი პარტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისათვის პრიორიტეტული საკითხების თაობაზე ზეწოლას არა მხოლოდ თემიდან გრძნობდნენ, არამედ მთელი საზოგადოებიდან. ამიტომაცაა აუცილებელი, თემთან დიალოგისა და ფინანსების ადეკვატურად გამოყოფის პარალელურად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დაძლევა, რომ დეინსტიტუციონალიზაცია, სათემო/საოჯახო სერვისების განვითარება მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყოს და არა მხოლოდ თემის.
  • შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადასვლა საფუძვლად უნდა დაედოს სახელმწიფო პოლიტიკას ამ სფეროში.
  • უნდა განვითარდეს სრულწლოვანი შშმ პირებისთვის რეაბილიტაციის და აბილიტაციის მომსახურებება
  • სახელმწიფო სერვისები სრულად ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისათვის.
  •  “ევროპული საქართველო” აუცილებლად მიიჩნევს შშმ პირთა დასაქმებისთვის ფიზიკურ ხელმისაწვდომობაზე ბარიერების მოხსნას, მაგრამ მიზანშეუწონლად მიიჩნევს დასაქმებაში ქვოტირების სისტემის შემოღებას. პარტიის მიდგომაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მიღწევადია გადასახადების შემცირებით, რეგულაციებისა და ბიუროკრატიის გამარტივებით, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებით, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს დასაქმებისთვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის, ქვოტირების სისტემის გარეშეც.
  • ჯანმრთელობის დაცვის სფეროში “ევროპული საქართველო”, უნივერსალიზმის პრინციპის შენარჩუნებით, სამედიცინო დაზღვევის მოდელის მომხრეა, სწორედაც რომ პრევენციისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე. სამედიცინო დაზღვევის მოდელშიც შესაძლებელია  შშმ პირებთის მიმართ დღეს არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

ქართულ საზოგადოებას დღეს, ერთი მხრივ, მძიმე ნარკოტიკის გავრცელება და ნარკოტიკის (განსაკუთრებით, ინტრა-ვენური) მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა აწუხებს, მეორე მხრივ ის, რომ მთავრობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ნარკომომხმარებლებს სჯის და არა ნარკორეალიზატორებს.

მნიშვნელოვანია, რეფორმის გატარება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ, ეფექტური ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან, მეორე მხრივ, კი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისათვის ეფექტური და სრულფასოვანი სოციალური და ჯანდაცვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება.

ქვეყნის მასშატაბით დღეს არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდა რეგიონებისთვის სრული კატასტროფის მომტანია. ეს ნიშნავს, რომ რეგიონების უმეტესობაში, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონული ზრდა საერთდო არ გვქონია. რეგიონების გამოცოცხლება მეტი თვითმმართველობით და მეტი ადგილობრივი ინიციატივითაა შესაძლებელი. რეგიონებში მოქალაქეები ცენტრიდან მომავალი ბიუროკრატიული სირთულეებით არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი. რეგიონებს საკუთარ თავზე მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ.

განვლილი წლების განმავლობაში მოიკლო სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპმა, გაუქმდა სოფლის დახმარების პროგრამა, არ იქნა შემოყვანილი საკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ყველაფერმა ამან კიდევ უფრო დაამძიმა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის პირობები.

მიწების 70% სახელმწიფოს, ხოლო 30% კერძო საკუთრებაშია, რაც უნდა იყოს პირიქით.

ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული სოფელი და არა ღარიბი სოფელი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ:

  • ხალხს და სოფლებს კერძო საკუთრებაში გადავცემთ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, საძოვრებს და ტყეებს
  • მუნიციპალიტეტებს ავტომატურად დარჩებათ ადგილზე მოკრებილი გადასახადის ნაწილი – საშემოსავლო გადასახადის ნახევრის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვებით მუნიციპალიტეტები მიიღებენ დამატებით 750 მილიონ ლარს
  • დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არ არსებობს მის მიმართ სხვა პირის პრეტენზია, დავარეგისტრირებთ მფლობელის საკუთრებად.
  • დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია დავარეგისტრირებთ სოფლის/თემის საკუთრებად.
  • სახელმწიფო ქონებას და წიაღისეულს, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, გავანაწილებთ საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.
  • უზრუნველვყოფთ ყველა სოფელს სასმელი და სარწყავი წყლით და კანალიზაციით
  • დავასრულებთ სოფლის გაზიფიკაციას
  • გავაფართოებთ სოფლის გზების მშენებლობას
  • გავზრდით სოფლების წვდომას ინტერნეტთან
  • შეშის მოპოვებაზე მოვხსნით შეზღუდვებს

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მივაღწიოთ ევროკავშირის ფონდების და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანხების მოზიდვას და ინვესტირებას ქართულ სოფელში, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებებლი და საკონსერვო წარმოების აღდგენის და სოფლად სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით. ვიმუშავებთ უცხოეთში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის და მასზე მოთხოვნის გაზრდის, ახალი საერთაშორისო ბაზრების გახსნისა და უკეთ ათვისების მიზნით.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა.

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, “ევროპული საქართველო” საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის – „ოკუპაცია“ – შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ამავე დროს მნიშვნელოვანია პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ეს ხელს შეუწყობს ოკუპაციით დაშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფა.

ჩვენი ამოცანაა, არ გაგრძელდეს “მცოცავი ოკუპაცია”, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, უნდა გაზიარდოს უსაფრთხოების ზომები ოკუპაციის ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს საგუშაგოების განთავსებით და მთელი პერიმეტრის გასწვრივ პატრულირების აღდგენით.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტაციის ინიციატივით პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ შექმნის აუცილებლობაზე. ამ სიის შედგენის  პრინციპები უნდა დაუახლოვდეს დასავლურ სამყაროში უკვე დამკვიდრებულ ასეთივე სასანქციო სიების პრინციპებს,  ის უნდა გაფართოვდეს განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებით და გახდეს დევნილების, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დაცვის ერთ-ერთი ქმედითი გარანტია. ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ ამ სიის 1000-მდე კანდიდატზე. ახალი სიის ფორმირება მოხდება დღეისთვის პრაქტიკულად უმოქმედო საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ფორმატში და სახელმძღვანელოდ გადაეცემა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს.

დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი გალის და ახალგორის რაიონების, მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტს, როგორიცაა, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და საერთაშორისო სასამართლოები.

ჩვენი საგარეო პრიორიტეტებია:

  • განუხრელი მსვლელობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით;
  • ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);
  • ევროკავშირის და სხვა პარტნიორ პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაო ქვოტებზე შეთანხმების მიღწევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შეთხვევაში, შეეძლოთ ლეგალურად იმუშავონ ამ ქვეყნებში, რაც მეტ ანაზღაურებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ნიშნავს;
  • შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლება. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა რვა წელია “ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაუდგამს;
  • ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს ეფექტურად გამოყენება, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება და ოკუპირებული ტერიტორიების არ-აღიარების პოლიტიკის წარმოება.
  • აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გამარტივება

ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისთვის საჭიროა გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები, საჭიროა მკაფიო ხედვა და განაცხადი. მთავრობას უნდა ჰქონდეს ზუსტი გეგმა, როდის შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს და როგორ მოემზადება ამ პროცესისთვის.

დღეს ჩვენ მოქალაქეებს სჭირდება, ვაწარმოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან შრომის ბაზრის გახსნის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით ათას ქართველ ემიგრანტს, რომელიც დღეს ევროპაში არალეგალურად მუშაობს, ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ლაგალურად, მიიღოს მეტი ხელფასი, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა და შრომის დაცული პირობები. ამავდროულად, ეს ნიშნავს დეპორტირების მუდმივი შიშის მოხსნას და შესაძლებლობას, რეგულარულად ინახულოს საკუთარი ოჯახის წევრები.

ჩვენ:

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად, უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოება განმტკიცებაში;
  • ევროკავშირის ფონდებიდან უნდა მოვიზიდოთ თანხები, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;
  • ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან უნდა მოვიზიდოთ თანხები საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;
  • უნდა შევქმნათ პირობები, რომ 2021 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს რეგიონული ეკონონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის  სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.

საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობაა და კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევა. საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან.

საქართველოს ეკონომიკის სწრაფად გაზრდას სჭირდება უცხოური ინვესტიციების მეშვეობით დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მეტი ფული და გაიზარდოს ქვეყნის ტურისტული და ტრანზიტული პოტენციალი, ხოლო საქართველო იქცეს რეგიონალურ ჰაბად. ამ მიზნისთვის ევროპული საქართველო გეგმავს:

  • გახსნას რუსთავი-მარნეული დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი
  • გააფართოვოს ქუთაისის აეროპორტი
  • ქუთაისის აეროპორტს დაამატოს სატვირთო ტერმინალი
  • გახსნას თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული რკინიგზა
  • გახსნას თბილისის შემოვლითი რკინიგზა
  • ააშენოს ლენტეხი-მესტიის, გომბორის, გოდერძი და მლეთა-ყაზებეგის გვვირაბები
  • დაასრულოს ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის მშენებლობა

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პრიორიტეტებია:

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერება და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ამ მიზნით მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;
  • შეირაღებული ძალების ეტაპობრივად, სრულად გადაყვანა პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს თქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე;
  • ნატოს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;
  • სამხედრო პირთა სოციალურ დაცვა: უნდა გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება; გაფართოვდეს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი; დაღუპული სამხედრო პირების შვილები სასწავლო გრანტით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს;
  • შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვა; განსაკუთრებულ ყურაღება უნდა მიექცეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერ-უსაფრთხოებას;
  • აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ქვეყანაში განთავსება
  • სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;
  • საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი მიზანია განახორციელდეს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართული რეფორმები, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთა შემდგომი გაძლიერება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადამწყვეტია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველო ითამაშებს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი რეგიონალური ინიციატივების მხარდასაჭერად, რომელიც ხელს უწყობს მთელი რეგიონში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.

ამავე დროს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები და მოსახლეობის გამოკიდებულება სამართალდამცავი სისტემის მიმართ.  საქართველოში გაჩნდა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. მოქალაქეს სახელმწიფოსთან დავისას არ აქვს დაცულობის განცდა, პრობლემატურ საკითხებად რჩება უკანონო მოსმენა-მიყურადება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოძიების მიუკერძოებლობა, პოლიციისა და პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ჩვენი ხედვა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ლიბერალური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა;
  • სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოება;
  • პროკურატურის უფლებების შეკვეცა და საპარლამენტო კონტროლის გაზრდა;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება;
  • ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი მექანიზმების შექმნა, ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და უმცირესობების დაცვა ძალადობისგან.

ჩვენ 2021 წელსვე შევზღუდავთ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებზე – პირველ რიგში, ეკონომიკური სახის დანაშაულზე. ამასთან ერთად, ეკონომიკურ დანაშაულზე განვავრცობთ აღმკვეთ ღონისძიებებს. გამონაკლისი იქნება განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ძალადობრივი დანაშაული. აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა იქნება საპატიმრო გირაო და არა უშუალოდ პატიმრობა. ეს ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალდებული გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდება, ხოლო პატიმრობა შეეფარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს არა წარმოსახვითი საფრთხე, არამედ სახეზე იქნება განხორციელებული ქმედება, აგრეთვე, თუ ბრალდებული დაარღვევს უკვე შეფარდებული გირაოს პირობებს;

 

ჩვენ გადავხედავთ არაძალადობრივ და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს და მოვახდენთ სასჯელთა ლიბერალიზაციას საბოლოო დეკრიმინალიზაციის პერსპექტივით.

  • ჩვენ გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას. ბიზნესთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესი გახდება მეწარმის ინტერესებზე ორიენტირებული. ბიზნესის შემზღუდავი ნებისმიერი მოქმედება – ყადაღა, დალუქვა, შემოწმება თუ რევიზია – დასაშვები იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნესის შეუფერხებლად წარმოებას; დამკვიდრდება ვარაუდი – “მეწარმე მართალია”. მტკიცების სტანდარტი იქნება ბიზნესმენის სასარგებლოდ. ბიზნესმენისთვის მიყენებული ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, ანაზღაურდება სრულად, კანონით მკაცრად დადგენილ ვადებში;

 

  • 2021 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს). შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იმოქმედებს კონტრ-დაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტები ამომწურავად გაწერილი ფუნქციებით, ხოლო „პოლიტიკური პოლიცია“ ჩაბარდება წარსულს;

 

  • ჩვენი მიზანია, პოლიცია იყოს დეცენტრალიზებული და შსს მინისტრს ჩამოსცილდეს საპოლიციო ფუნქციები.

 

  • ჩვენ შევქმნით დამოუკიდებელ ცენტრალურ საგამოძიებო უწყებას, ხოლო პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევა მოხდება ხალხის მიერ

 

  • უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევებისა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის გამორიცხვის მიზნით, ჩვენ 2021 წლის იანვრამდე შევქმნით სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელ და საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკურ სამსახურს. შესაბამისად, კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში, ფარული მიყურადება განხორციელდება მხოლოდ ამ სამსახურის მიერ;

 

  • ჩვენ აღვადგენთ დანაშაულის რეგისტრაციის სისტემას და პოლიციელს აღარ მოეთხოვება დაბალი სტატისტიკის ჩვენების მიზნით მისი გაყალბება და დანაშაულის დამალვა;

 

  • შევქმნით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს.

 

  • განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ დაცვას: ეკონომიკური წინსვლის პარალელურად, გაიზრდება მათი ანაზღაურება; ზეგანაკვეთური მუშაობისთვის გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ანაზღაურება და წახალისება; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაფართოვდება; დაღუპული პოლიციელის შვილებს სასწავლო გრანტით სახელმწიფო უზრუნველყოფს;

 

  • პოლიციელის ღირსების შელახვაზე, ქონებრივი სიკეთის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფაზე კანონით გათვალისწინებულ ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ.

 

  • შევქმნით დამოუკიდებელ ანტიკორუფციული ბიუროს.

ჩვენ პროკურატურას ჩამოვაშორებთ საგამოძიებო ფუნქციას, რითაც შევქმნით მისი გაწონასწორების მექანიზმს; პროკურატურა იქნება მხოლოდ გამოძიებაზე ზედამხედველი და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი უწყება. შეიქმნება პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, აგრეთვე განსაზღვრული ტიპის დანაშაულებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებათ;

 

ჩვენ ავამოქმედებთ მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ, გამჭვირვალე წესს, რაც ხელს შეუწყობს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას;

 

ჩვენ გავაფართოებთ ადვოკატების უფლებებს სამართალწარმოების პროცესში, პირველ რიგში, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით. აგრეთვე ადვოკატის დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის საკითხზე გავზრდით მტკიცების სტანდარტს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სავალდებულოდ ჩადგება საქმის კურსში და გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება მხოლოდ მთავარი პროკურორის მოადგილეს;

 

ჩვენ შევქმნით ანტიკორუფციულ პროკურატურას;

 

ჩვენი ინიციატივით, ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულს უფლება ექნება აირჩიოს, რომ მისი ინტერესები სასამართლოში სახელმწიფო პროკურორის ნაცვლად დაიცვას ადვოკატმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ასრულებს ბრალმდებლის ფუნქციასაც.

ჩვენი ინიციატივით, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, როგორც დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, ზედა ინსტანციის სასამართლოებში მოწვეულ იქნებიან კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან განსაზღვრული ვადით და ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი მოსამართლეებით;

 

სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული დავების გადასაწყვეტად, ჩვენ შევქმნით დავების განხილვის საბჭოს ანალოგიურ მექანიზმს – ადმინისტრაციულ არბიტრაჟს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება უცხოელი არბიტრებით. მომჩივანის მხრიდან დავის მოგების შემთხვევაში, სახელმწიფოს კანონით აეკრძალება გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, ხოლო მოქალაქე შეინარჩუნებს აღნიშნულ უფლებას;

 

ჩვენ ავამოქმედებთ ნაფიც მსაჯულთა სისტემას ყველა საპატიმრო საქმეზე. ასევე, შევქმნით მსაჯულის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. მსაჯულზე ზემოქმედების მცდელობა, მასზე მუქარა, ან რაიმე სხვა სახის ზეწოლა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით;

 

იმისთვის, რომ გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლო განთავისუფლედეს კლანის გავლენისაგან, აღიკვეთოს მოსამართლეზე მუქარის, ზეწოლის და ძალადობის საფრთხე და სასამართლო არ იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაზე, ჩვენ ამერიკული მოდელის მიხედვით შევქმნით სასამართლო მარშალის ინსტიტუტს ამგვარ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილებით;

 

ჩვენ შევამჭიდროვებთ სამოქალაქო დავების განხილვის ვადებს, რათა მოქალაქეებმა დროულად და გაჭიანურების გარეშე მიიღონ მართლმსაჯულება. ასევე, დავნერგავთ გამსვლელი მაგისტრატის ინსტიტუტს, რომელიც ოპერატიულად გადაწყვეტს სამეზობლო და მსგავსი კატეგორიის დავებს;

 

სახელმწიფოსთან დავის პროცესის მოქალაქის მხრიდან მოგების შემთხვევაში, სრული დანახარჯები (მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, აგრეთვე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება) დაეკისრება სახელმწიფოს, რათა მოქალაქე არ დაზარალდეს სახელმწიფოსთან დავის პროცესში;

 

ჩვენ სრულად ავამოქმედებთ მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესს.

 

ჩვენ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებებს სამართლებრივ პრეცედენტებად ვაღიარებთ.

ჩვენ უფლებამოსილებას შევუწყვეტთ საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას. გავაერთიანებთ უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს. საკონსტიტუციო ცვლილების გზით გავაუქმებთ 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტს.

ჩვენ შემოვიღებთ ბრიტანეთის სასამართლოს/PRIVY COUNCIL-ს, როგორც საბოლოო ინსტანციას

2021 წლის ბოლომდე შემოვიღებთ მოსამართლის არჩევითობის პრინციპს პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; ჩვენი ინიციატივით სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;

თავისუფლების აღკვეთის და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის გასაძლიერებლად შევქმნით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;

 

სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ ვიდეო კამერებზე პირდაპირი წვდომა ექნებათ სახალხო დამცველს, აგრეთვე პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური ოპოზიცია;

 

ჩვენ გავზრდით პატიმრების უფლებებს. მათ მიეცემათ თანამედროვე ტექნოლოგიებით (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, ელ-რიდერი) სარგებლობის უფლება, აგრეთვე გაიზრდება ოჯახთან პაემნების რაოდენობა, ასევე დავნერგავთ პატიმრის ხანმოკლე შვეულების უფლებას. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში პატიმარზე ზემოქმედების ეფექტური საშუალება იქნება აღნიშნული უფლებების შეზღუდვა;

 

ჩვენ შემოვიღებთ წესს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დეპუტატს უფლება ექნება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეზღუდვის გარეშე, შიდა რეგულაციების დაცვით, დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ საზოგადოების ყველა წევრის თანაბარი უფლებები და შევუქმნათ მათ პირობები თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, “ევროპული საქართველო” ზრუნავს მისი სტრუქტურული ერთეულის – ქალთა ორგანიზაციის განვითარებაზე. ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2017 წელს  შეიქმნა, მოხდა ათასობით აქტივისტი ქალის მობილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ამგვარად, ჩვენ ვახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. უზრუნველვყოფთ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ სიტუაციას, რათა უმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათ საკუთარ სახლებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებამდე, სოციალური დაცვის ადექვატური სქემის უზრუნველყოფის მიზნით ევროპული საქართველო გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

  • საერთაშორისო ასპარეზზე დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ძალისხმევების მობილიზაციას, მათ შორის, გენერალურ ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას დევნილების უფლებების დაცვა და არსებობდეს სრული საერთაშორისო კონსენსუსი მათი დაბრუნების უფლებაზე. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში დაწყებულ საქმეს, იმ მიზნით, რომ რუსეთს დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე;
  • დევნილის პოლიტიკური და სოციალური სტატუსის გამიჯვნა. დევნილთა და მათი შთამომავლების უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარს ხელშეუხებელია და აღიარებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპებით. ამავდროულად, დევნილთა სოციალური დაცვა უნდა მოექცეს საერთო ეროვნულ პროგრამებში და აღმოიფხვრას ამ მხრივ დღეს არსებული დისკრიმინაცია;
  • დევნილის სტატუსი პროაქტიულად (შემდგომი გადახედვის გარეშე) მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ შთამომავლებს, მიუხედავად დაბადების ადგილისა.
  • საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;
  • დევნილთა დახმარებისა და მათი ღირსეული საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამების გაგრძელება. ეს ამოცანა განხორციელდება იმ დათქმით, რომ დევნილების, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლება – დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც მათი საკუთრების უფლებები, ხელშეუხებელია.  საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამები იქნება მრავალფეროვანი (ახალი მშენებლობები, არსებული შენობების გარემონტება, სოფლად სახლების შეყიდვა, ბინების შესყიდვა სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ა.შ.), დაცული იქნება პარიტეტი კომპაქტური დასახლებების დევნილებსა და ე.წ. კერძო სექტორში განსახლებულ დევნილ ოჯახებს შორის და აღნიშნული ღონისძიებები თავიდან აგვაცილებს დევნილთა მიერ წლობით საცხოვრებლის რიგში დგომას;
  • დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;
  • დევნილების დასაქმების ხელშეწყობა. საერთაშორისო დონორების აქტიური მონაწილეობით, დევნილთა როგორც დიდ, ისე მცირე კომპაქტურ ჩასახლებებში განვახორციელებთ მიკროპროექტებს დევნილების დასაქმებისა და შემოსავლებით უზრუნველყოფის მიზნით; ასევე მოვახდენთ დევნილების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროგრამებში;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმა. ევროპული საქართველო შეიმუშავებს ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა მიერ ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურის (აფხაზეთის არ უზენაესი საბჭოს) და მეთაური (ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის ყოფილი აო) დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) პერიოდულ და პირდაპირ გზით არჩევნებს.
  • მიღებულ იქნება კანონი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პერიოდული და პირდაპირი გზით არჩევნების შესახებ. დევნილებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო უფლება საკუთარ წარმომადგენლობით ორგანოში.

ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც თავის მხრივ მოიცავს:

  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას;
  • ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას;
  • საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდას;
  • მსხვილ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება და ამ პროცესში საერთაშორისო დონორების და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას;
  • საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.

ევროპული საქართველო ფორმალური განათლებისა და სამსახურეობრივი კონტექსტის მიღმა ახორციელებს ახალგაზრდულ საქმიანობას, რაც წარმოადგენს საგანმანათლებლო აქტივობებს ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს მათ განვითარებას, კეთილდღეობასა და სხვადასხვა სფეროში აქტიური მონაწილეობის წახალისებას.

ახალგაზრდული საქმიანობის გაფართოება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს განავითარონ სხვადასხვა კომპეტენციები და უნარები, რათა უკეთ შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოტენციალის რეალიზება. ამ მიზნის მისაღწევად გავზრდით ახალგაზრდების ჩართულობას მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მხარს დავუჭერთ მათ განივითარონ ისეთი უნარები, რომლებზედაც დღეს შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.