საბანკო რეგულაციებისა და მონეტარული პოლიტიკის რეფორმა

29 ნოემბერი 2023
29 ნოემბერი 2023

საბანკო რეგულაციებისა და მონეტარული პოლიტიკის რეფორმა

საბანკო რეგულაციები

პრობლემა 1. რეგულაციები დოლარის გამოყენების შესაზღუდად

საბანკო პროდუქტებზე დაწესებული რეგულაციებით აკრძალულია უცხოურ ვალუტაში 200 000 ლარზე ნაკლები მოცულობის სესხების გაცემა. ასევე შეზღუდულია დასაბუთებული შემოსავალის გარეშე დაკრედიტება (სესხებისა და კრედიტების გაცემა). ამასთანავე დასწედა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ლიმიტები და სესხის ვადები - 1500 ლარამდე წმინდა შემოსავლის დროს სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური ლიმიტად დადგინდა 25%, 1500 ლარზე მეტი წმინდა შემოსავლის დროს სესხის მომსახურების ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი 50% გახდა, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალურ ვადად 3 წელი, ხოლო (უცხოურ ვალუტაში) იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადა 10 წელი განისაზღვრა.

შედეგად მცირე ბიზნესისა და დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირების დაკრედიტების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხი მაღალ საპროცენტო განაკვეთს და სასესხო შეთანხმების არასტაბილურ პირობებს (ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე) გულისხმობს. მთელ რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სესხის გამცემმა შესთავაზოს მომხმარებელს საკრედიტო რესურსი მისთვის სასურველ სხვადასხვა ვალუტაში. ხელს უშლის არასტაბილური/არარეგულარული ფინანსური შემოსავლის მქონე/მიმღებ პირებს ჰქონდეთ წვდომა საკრედიტო რესურსებზე. გაძვირებული და გართულებულია ფინანსური ტრანზაქციები, რაც დამატებითი წნეხია მომხმარებლისთვისაც და ფინანსური ინსტიტუტისთვისაც.

გამოსავალი: ფინანსური თავისუფლების დებულების შემოღება, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შემადგენელი ნაწილი იქნება.

ფულად-საკრედიტო ბაზარი სახელმწიფო რეგულატორული წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს და ამ გზით ფინანსურ ბაზარზე მოქმედ მეწარმეებსა და მათი სერვისების/პროდუქტების მომხმარებლებს ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების თავისუფალი განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ამასთან ერთად, სახელმწიფოს ან/და მარეგულირებელი სტრუქტურების მიერ სამომავლოდ მიღებული რეგულაციებისგან დამცავი მექანიზმი უნდა შეიქმნას. ასევე აუცილებელია საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორც ლარში ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთსა და სხვა პარამეტრებზე (ვადა, მოცულობა, უზრუნველყოფის ტიპი და სხვ.) შეზღუდვების მოხსნა. საფინანსო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ ავტონომიურობის გარანტია და ისინი დაცულები უნდა იყვნენ სამომავლო პოლიტიკური თუ საგადასახადო წნეხისგან.

დამატებით, აუცილებელია საკრედიტო ტრანზაქციებში ვალუტის არჩევის თავისუფლების უზრუნველყოფაც. ამისათვის უნდა გაუქმდეს: უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების 200 000 ლარიანი ქვედა ზღვარი; დასაბუთებული შემოსავლის გარეშე სესხის გაცემაზე შეზღუდვა - საფინანსო ინსტიტუტმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დააკრედიტების კრიტერიუმების თაობაზე და სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციები სესხის მომსახურების კოეფიციენტზე და სესხის ვადის ზედა ზღვარზე და თავად საფინანსო ინსტიტუტმა განსაზღვროს მომხმარებლის და რისკების შესწავლის შემდეგ.

პრობლემა 1.2. განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნა დეპოზიტებზე ლარსა და უცხოურ ვალუტაში

ლარში მოზიდულ რესურსზე სარეზერვო მოთხოვნა 5%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში 10%დან 25%-მდე, რაც დამოკიდებულია ცალკეული საფინანსო ინსტიტუტის დეპოზიტების დოლარიზაციის ხარისხზე. მსგავსი პოლიტიკა დოლარში სესხების გაცემის მომგებიანობას ამცირებს, ამიტომ საპასუხოდ ბანკი ან საერთოდ არ გასცემს ასეთ სესხს, ან გასცემს, თუმცა მაღალ პროცენტში. პარალელურად, ბანკებს დოლარის დეპოზიტების საჭიროებაც უმცირდებათ.

გამოსავალი: ლარსა და უცხოურ ვალუტაში განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნის გაუქმება

აუცილებელია ლარსა და უცხოურ ვალუტაში განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნის გაუქმება. რეგულატორი, ამ შემთხვევაში სებ-ი, არ უნდა ქმნიდეს ლარიზაციის ხელოვნურ სტიმულებს.

პრობლემა 1.3. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა

სებ-ის პოლიტიკა აძვირებს დოლარს, რაც დამატებით ამცირებს დოლარის სესხების მიმზიდველობას.

გამოსავალი: ეროვნული ბანკის გაუქმებით აღნიშნული პრობლემა დაკარგავს აქტუალობას.


პრობლემა 2. ონლაინ სესხების რეგულირება

ბანკებისათვის, მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ გამსესხებლებისათვის სესხებზე მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 %-ით განისაზღვრა, რამაც ონლაინ სესხების ბიზნეს მოდელიფაქტობრივად ჩამოშალა.

გამოსავალი: ონლაინ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შეზღუდვის გაუქმება

ფინანსური ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს საბანკო კრედიტის გაცემის ფორმისა და პირობების განსაზღვრაში. აღნიშნული ჩანაწერი გათვალისწინებულ იქნას ფინანსური თავისუფლების დებულებაში.

პრობლემა 3. საქართველო არ არის მიმზდიველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის

გამოსავალი: უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ლიცენზირების პროცედურების გამარტივება

OECD-ის წევრ ქვეყნებში ლიცენზიის მქონე ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს უფლება უნდა მიეცეთ უფლება გამარტივებული წესით შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე (ელექტრონული აპლიკაციის/განაცხადის ფორმის საფუძველზე). რა თქმა უნდა, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესება მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტების ლიცენზირების პროცედურების გამარტივების შედეგად არ მიიღწევა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა და ლიბერალური ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების გატარება.


მონეტარული პოლიტიკა

პრობლემა 1. არასტაბილური ეროვნული ვალუტა და დაბალი სანდოობა

არასტაბილური და დაბალი სანდოობის ეროვნული ვალუტის ფონზე, არსებობს უცხოური ვალუტის ოპერაციების ეროვნულ ვალუტაში განხორციელების ვალდებულება, რაც ზრდის ტრანზაქციულ დანახარჯებს და ასევე, სავალურო რისკებსაც შეიცავს.

გადაჭრის გზები: მულტისავალუტო სისტემის შემოღება

მულტივისავალუტო სისტემის დროს ადამიანებს აქვთ თავისუფლება აირჩიონ თუ რომელი ვალუტა გამოიყენონ ამა თუ იმ ტრანზაქციის დროს. ეს სისტემა ყველაზე მეტად არის მორგებული ინდივიდების კონკრეტულ საჭიროებებზე, რადგან ყველას აქვს შესაძლებლობა იმ ვალუტაში განახორციელოს ანგარიშსწორება, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში მისთვის უფრო მომგებიანია.

მულტისავალუტო სისტემის შემოღებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართული იქნება ნებისმიერი უცხოური ვალუტის გამოყენება, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. ტრანზაქციების უცხოურ ვალუტაში შესრულება კონსტიტუციით უნდა იქნას გარანტირებული, ეროვნული ვალუტა გაუქმდეს და სახელმწიფო ბიუჯეტი დოლარში დაიგეგმოს.

პრობლემა 2. საქართველოს ეროვნული ბანკი - პოლიტიზირებული ინსტიტუტი

ეროვნული ბანკი საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების გავლენის ინსტრუმენტად გამოიყენება.

ხელიუსფლება ხშირად ცენტრალურ ბანკს წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტის სასურველი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად იყენებს, რისთვისაც ეროვნული ბანკი დოლარის რეზერვებს ყიდის მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური სტაბილურობისთვის ეს მიზანშეწონილი არ არის.

ეროვნული ბანკის პოლიტიზების ყველაზე კაშკაშა მაგალითი ვიხილეთ ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ შეერთებული შტატების სანქციების დაწესების შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფარცხალაძისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად საგამონაკლისო გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის საბანკო სისტემა რისკის ქვეშ დააყენა.

გამოსავალი: ეროვნული ბანკის გაუქმება

ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად უნდა შეიქმნას ერთიანი რეგულატორი, რომელსაც ორი ძირითადი ფუნქცია ექნება - საფინანსო სექტორისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა.