ამბები

ბუჩამდე იყო აფხაზეთი – აშშ-ის კონგრესში ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა

9 მაისი 2024
ბუჩამდე იყო აფხაზეთი – აშშ-ის კონგრესში ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა

აშშ-ის კონგრესში ევროპული საქართველოს და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის ისტორიები აშშ-ის დედაქალაქში იხილეს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ღონისძიებაზე ნაჩვენები საზარელი ისტორიებით, ნათელი ხდება, თუ რა დანაშაულებები ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში.

"30 წლის წინ აფხაზეთში ზუსტად იგივეს აკეთებდა რუსეთი, რაც ჩაიდინა, ბუჩაში, ირპენში, მარიოპოლში და 30 წლის წინ მისი შეჩერება გაცილებით უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე დღეს უჯდება მსოფლიოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, ნატოს გაფართოებაა. ძალიან ხშირად, დასავლეთშიც გაიგებდით, რომ ნატოს გაფართოება რუსეთს აღიზიანებს. ეს არის სისულელე და ნატოს გაფართოება, სინამდვილეში, საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და დისკუსიის თემა საერთოდ არ იყო 90-იან წლებში, როდესაც ქართველების გენოციდი მოაწყო.

პირიქით არის, ნატოს გაფართოება დაიცავს მსოფლიოს უფრო მეტად ომისგან. ნატოს მიღმა დარჩენილი ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთისთვის სათანადო საკბილო, იმიტომ რომ 2008 წელსაც ვიცით რა ჩაიდინა რუსეთმა,როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ წევრობის სამოქმედო გეგმა, რამდენიმე თვეში შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და პირიქით ანუ, ნატოს გაუბედაობა, რომ გაფართოვდეს, რუსეთს ახალისებს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი გაანადგუროს".- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

25 აპრილს ჩვენება გაიმართა American Enterprise Institute-შიც. იქამდე მოეწყო დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მიიღო მონაწილეობა.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა უკრაინულ სახლშიც.